ყაურმის საჯარო სკოლის მოსწავლეები შემოქმედებით კონკურსში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
29-02-2024
დაკოპირებულია
-
+
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში აქტიურად ერთვებიან.
ამჯერად, 4 მოსწავლე ადგილობრივი გაზეთის - „არშალუისის“ ორგანიზებულ კონკურსში მონაწილეობდა. აღნიშული კონკურსი, რეგიონის მასშტაბით, ყოველწლიურად ტარდება. მასში სხვადასხვა სკოლის შემოქმედი მოსწავლეები ერთვებიან. ისინი ერთმანეთს ხატვასა და ლექსების შექმნაში ეჯიბრებიან.
ყაურმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კონკურსზე ნახატები წარადგინეს, შედეგად კი სხვადასხვა ხარისხის დიპლომი და სიგელი დაიმსახურეს. დაჯილდოების ცერემონიალი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ კონკურსში მონაწილეების ნახატები და ლექსები გაზეთის ნომრებში იბეჭდება.
„სკოლა მადლობას უხდის ადგილობრივი გაზეთის რედაქტორს ქალბატონ ლუსინე ვარტანიანს და მის გუნდს, ასეთი ნაყოფიერი და საინტერესო პროექტისთვის, ასევე დიდი მადლობა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განყოფილებას, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს ყურადღების და მხარდაჭერისთვის.
სასურველია, რომ ასეთი პროექტები ხშირად ჩატარდეს, რათა ბავშვებს საშუალება ჰქონდეთ, თავიანთი უნარები გამოავლინონ“,- ამბობენ სკოლაში.