„ტანადობა“ - ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა, კომპლექსური დავალების ფარგლებში, საინტერესო პრეზენტაციები გამართეს
29-02-2024
დაკოპირებულია
-
+
მალხაზ აბაშიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლაში, მოსწავლეებისთვის კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა ძალიან საინტერესო და ინფორმაციული პროცესია.
ამჯერად, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ბიოლოგიის გაკვეთილზე, პედაგოგ მზია აბაშიძის ხელმძღვანელობით, შეასრულეს კომპლექსური დავალება, თემაზე - „ტანადობა“.
„მოზარდებს ხშირად უწევთ მძიმე ჩანთის ტარება, რაც ტანადობის დარღვევის სხვადასხვა ფორმას იწვევს“, - ამ პრობლემით დაინტერესებული მოსწვალეები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ სამუშაო პროცესში.
მოსწავლეები გაეცნენ სამეცნიერო ლიტერატურას, ჩაატარეს ანონიმური გამოკითხვა თანატოლებში და მათი ცნობიერების ამაღლების მიზნით, მოამზადეს პრეზენტაციები PowerPoint-ში, შემდეგ საკითხებზე: „ტანადობა“, „ბრტყელტერფიანობა“ და „ჯანსაღი ცხოვრება“.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ალეკო ბიბინიძემ თავის პრეზენტაციაში - „ტანადობა“, ისაუბრა ხერხემლის ნადრეკების სწორად განვითარების მნიშვნელობაზე. ნორმალური ტანადობის დარღვევის სხვადასხვა მიზეზზე. სქოლიოზე, პათოლოგიურ ლორდოზსა და პათოლოგიურ კიფოზზე, მათი განვითარების მიზეზებზე და მკურნალობის გზებზე. გასცა რჩევები როგორ ავიცილოთ თავიდან ხერხემლის დარღვევები. ნადრეკების სწორად განვითარება ბავშვებში, ტერფის სწორად განვითარება და ჯანსაღი ცხოვრების წესი წინაპირობაა ხერხემლის ჯამრთელობისთვის.
ლიზი ქაროსანიძემ, პრეზენტაციაში - „ბრტყელტერფიანობა“, განიხილა თუ რა არის ბრტყელტერფიანობა, როგორ ამოვიცნოთ, რამ შეიძლება გამოიწვიოს, რა შედეგები და შეზღუდვები აქვთ ბრტყელტერფიან ადამიანებს. ურჩია ბავშვებს, რომ არ ჩაიცვან მოჭერილი და სრულიად უქუსლო ფეხსაცმელი, ატარონ სუპინატორიანი ფეხსაცმელი, ხშირად ისეირნონ ბალახზე მდინარისა და ზღვის კენჭებზე და აკეთონ ვარჯიშები ბრტყელტერფიანობის თავიდან ასაცილებლად.
ანასტასია ფუტკარაძემ კი, პრეზენტაციაში - „ჯანსაღი ცხოვრება“, ისაუბრა თუ რა არის ჯანსაღი ცხოვრების წესი: სწორი კვება, ფიზიკური აქტივობა, ძილის კარგი რეჟიმი, პირადი ჰიგიენა მავნე ჩვევების არქონა, აქტიური სოციალური ცხოვრება და სხვა. „ჯანსაღი ცხოვრების წესისას ფიტნესი თქვენი განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს, რაც გააკონტროლებს თქვენს წონას, გააუმჯობესებს ძილის რეჟიმს, ხელს შეუშლის ხერხემლის გამრუდებასა და ბრტყელტერფიანობას, ზოგადად კი გაახანგრძლივებს თქვენს სიცოცხლეს“,- აღნიშნა მან.