„დავზოგოთ წყალი, გავუფრთხილდეთ გარემოს!“- საინტერესო გარემოსდაცვითი პროექტი მედანის თემის საჯარო სკოლაში
01-03-2024
დაკოპირებულია
-
+
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მედანის თემის საჯარო სკოლაში საკუთარი საქმის პროფესიონალი მასწავლებლები მუშაობენ, რომლებიც არაერთ საინტერესო აქტივობას მართავენ.
ამჯერად, სკოლის საბუნებისმეტყველო კათედრისა და დაწყებითი კლასების პედაგოგთა აქტიური თანამშრომლობით, პროექტი - „დავზოგოთ წყალი, გავუფრთხილდეთ გარემოს!“ განხორციელდა. კერძოდ, პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებლები: ირმა ჩალიგავა, ლუარა წახნაკია, ნანა ციმინტია და სოფიკო მიქენაია იყვნენ. პროექტის მიზანი თემსა და სასკოლო საზოგადოებაში წყლის დაზოგვის მნიშვნელობასა და დაზოგვის სხვადასხვა გზებზე ცნობიერების ამაღლება იყო.
პროექტის ფარგლებში, საინფორმაციო ბუკლეტები დაამზადეს, რომლებიც თემის მოსახლეობას დაურიგეს. ასევე, პროექტის ფარგლებში, საინფორმაციო პოსტერი შეიქმნა, რომელიც ინფორმაციას წყლის რესურსის დაზოგვის სხვადასხვა გზაზე მოიცავდა. აღნიშნული პოსტერი სკოლის დარბაზში, სასკოლო საზოგადოებისთვის თვალსაჩინო ადგილას განთავსდა.
პროექტის ბოლო ფაზა იყო პრეზენტაცია, რომელიც დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა. მათ საინტერესო კითხვები დასვეს, რასაც, კომპეტენციის ფარგლებში, საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა უპასუხეს.
„ყველა საფეხურის მოსწავლეთა ჩართულობა გარემოსდაცვით ღონისძიებებში და არაფორმალური განათლების ფორმალურ განათლებასთან შერწყმა-სინთეზი ჩვენი სკოლის უპირატესი მიზანია“,- ამბობენ სკოლაში.