მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
23 წელია განათლების სფეროშია და მისთვის ამოსავალი - მოსწავლეთა სიყვარულია. „ბავშვები ჩემთვის ყველაფერია, ჩემი ცხოვრებაა... ყველა ბავშვში ჩემს შვილებს ვხედავ თითოეულ თანამშრომელში კი ოჯახის წევრს“, - აცხადებს etaloni.ge-სთან N215 საჯარო სკოლის დირექტორი თამილა თამაზაშვილი და სიამაყით გვიმხელს, რომ სწორედ მისი დირექტორობისას, თანამდებობის დაკავებიდან 2 წელში, მოსწავლეთა რაოდენობა სკოლაში 320 მოსწავლით გაიზარდა.
პედაგოგიური მოღვაწეობა კერძო სკოლით დაიწყო, შემდეგ საჯარო სკოლაშიც ასწავლიდა გეოგრაფიას, იყო გარემოს დაცვისა და განათლების საინფორმაციო ცენტრის მასწავლებელთა ტრენერი და გეოგრაფიის ზოგადი განათლების ექსპერტი, სკოლის ხელმძღვანელად დანიშვნის დღიდან კი, მისი გონება სრულად მოიცვა მომავალ თაობებზე ფიქრმა.
თავის მხრივ კი მოსწავლეთა სიყვარულს სკოლის ლიდერი ფეხის ყოველ ნაბიჯზე გრძნობს, რაც მოტივაციას მეტად უმაღლებს და ძალას მატებს, რაც მაქსიმუმი გააკეთოს მათი განათლებისთვის. ახალი თაობის პიროვნული თვისებები მოსწონს და მიაჩნია, რომ საკუთარი თავის ფასი იციან, ეს კი ცხოვრებაში ყველა სირთულეს გადაალახვინებს. დირექტორის კაბინეტში ხშირად ნახავთ საკუთარ სევდასა და წუხილზე მოსაუბრე ბავშვებს, რომლებიც განსაკუთრებით ენდობიან. სკოლის ხელმძღვანელისთვის ასევე მნიშვნელოვანია თითოეული პედაგოგის აზრი, რომელსაც პატივს სცემს და აღნიშნავს, რომ მასწავლებელს უდიდესი ძალა აქვს, შეცვალოს ბავშვი უკეთესობისკენ - სწავლა შეაყვაროს. თამილა თამაზაშვილი Etaloni-ge-სთან სკოლის ლიდერის, პედაგოგების როლზე, მოსწავლეთა შესახებ და თაობათა შორის მსგავსება-განსხვავებებზე საუბრობს:
- ქალბატონო თამილა, რატომ დაუკავშირეთ თქვენი საქმიანობა სკოლას, რა იყო ამის მთავარი მიზეზი?
- განათლების სფეროში პროფესიულად რომ გავიზარდე და გამოცდილება დავაგროვე, მივხვდი, კვალიფიკაციის ამაღლება შემეძლო... 2021 წელს, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მინისტრის 2 წლიანი ბრძანებით დავინიშნე დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად, ამ დროს სკოლას არ ჰყავდა დირექტორი. შემდგომ, ახლა ამირჩია,16 ოქტომბერს სამეურვეო საბჭომ. ეს სფერო იმდენად მიყვარს, გადმოცემა რთულია. ზოგადად ბავშვები ჩემთვის ყველაფერია. პროფესიაც ისეთი მაქვს ამის გარეშე წარმოუდგენელია. საერთოდ მიმაჩნია, რომ თუ ბავშვი არ გიყვარს ამ სფეროში არც უნდა მოხვიდე. მიყვარს ბავშვების დაცვა, აი, სოციალურ ქსელშიც, როცა ვხედავ უსახლკარო ან გაჭირვებულ ბავშვს, ან ქუჩაში თუ შევამჩნევ რომ ვინმეს ჩაგრავენ, გულგრილი ვერასდროს ვრჩები. პირდაპირ მის დასაცავად მივდივარ. არ აქვს მნიშვნელობა ის ნაცნობი იქნება თუ უცნობი. თუ გაირკვა, რომ ეს ბავშვი დამნაშავეა, რა თქმა უნდა, ცალკე მითითებას ვაძლევ და ვარიგებ, მაგრამ იმ მომენტში მაინც მისკენ ვარ. ბავშვი არის ჩემი სიყვარული - ეს შემიძლია ვთქვა გულწრფელად. პროფესიის არჩევისას გადამწყვეტი ფაქტორი სწორედ ეს იყო.
- ბავშვების სიყვარულის გარდა, რა თვისებები უნდა ჰქონდეს სკოლის ხელმძღვანელს იმისთვის, რომ ნამდვილი ლიდერი იყოს?
- ბავშვებთან ერთად, აუცილებლად საქმეც უნდა გიყვარდეს. უნდა შეგეძლოს თანამშრომლების გვერდით დგომა, პატივისცემა, მათი მოსმენა და დაფასება. მე პირადად, თითოეულ ბავშვში ჩემს შვილს ვხედავ, თითოეულ თანამშრომელში კი ოჯახის წევრს. მჯერა, ასეთ დროს ყველაფერი გამოვა. 3 წელი ხდება, რაც ამ სკოლის დირექტორი ვარ და სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ 320 მოსწავლის მატება გვაქვს.
- როგორი ურთიერთობა გაქვთ მათთან?
- ძალიან თბილი ურთიერთობა მაქვს ჩემს მოსწავლეებთან. ხშირად შემოდიან ჩემთან, ჩაის, ყავას მთავაზობენ, წერილებს მიწერენ. ხშირად, ერთად მაგიდასთანაც კი დავმსხდარვართ და გვისაუბრია საჭირბოროტო საკითხებზე. ვმსჯელობთ ჩვენი სკოლის შესახებ - რა გავაკეთოთ, როგორ გავაკეთოთ, რა მიმართულებით დავეხმაროთ ჩვენს მომავალ თაობას. ვისმენ მათ აზრს - ვეკითხები რა მოსწონთ, რისი შეცვლა სურთ და ვითვალისწინებ შემდგომ ამ ყოველივეს. მათ ყოველთვის ვურჩევ მეტი ისწავლონ, იშრომონ, უყვარდეთ ერთმანეთი და გაუფრთხილდნენ ყველაფერს. თუნდაც სკოლის თითოეულ ნივთს, რომლის შექმნასა და მოწყობაშიც უდიდესი შრომაა ჩადებული. ხშირად ვეუბნები მათ, რომ არ შეიძლება მერხებზე წერა, ამისთვის ფურცელი არსებობს. კონკურსიც კი მაქვს გამოცხადებული ვინც ყველაზე კარგად გაუფრთხილდება სკოლას, ვინც კარგად ისწავლის, წლის ბოლოს, 2 ივნისს მათ სპეციალური სიგელით ვაჯილდოებ.
- მოსწავლეებთან საუბრისას ძირითადად რა თემები იკვეთება, რა აწუხებთ, რისთვის მოგმართავენ ხოლმე?
- სიცელქე ყველა ბავშვშია რაღაც დოზით და ეს ნორმალურია, მაგრამ რასაც ვხედავ მათში ძირითადად სევდაა. ამიტომ, ვცდილობ გულწრფელები იყვნენ ჩემთან და ილაპარაკონ იმის შესახებ, რაც აწუხებთ. დარდის გულით ტარება არ შეიძლება, ის ვინმეს აუცილებლად უნდა გაუზიარონ. თუ მშობლისთვის არ უნდა რამის თქმა, მათ იციან, რომ ჩემთან ამის გაკეთება შეუძლიათ. მე მათ მთელი გულისყურით მოვუსმენ. ხშირად ასეც ყოფილა - შემოსულან ჩემთან და გული გადაუშლიათ. კიდევ ერთი საკითხი, რაც მათ აწუხებს ესაა სხვადასხვა საგნის მიმართ ინტერესის ნაკლებობა. ეს ბუნებრივიცაა და ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ, რადგან ყველა ფიზიკოსი ვერ გამოვა. ზოგს უფრო მეტად ჰუმანიტარული საგნები უყვარს - წერა, კითხვა ურჩევნია, ნაწილს კი პირიქით, ფიზიკა და მათემატიკა ურჩევნია. შესაბამისად, როცა საგანი არ აინტერესებთ გაკვეთილზე დასწრება უჭირთ. ამიტომ, დამამთავრებელ კლასებში კარგი იქნება თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე თუ ისწავლიან კონკრეტულად ისეთ საგნებს, რომლებიც გამოცდებზე სჭირდებათ.
- ანუ, დიფერენცირებულ სწავლებას ემხრობით, რომელიც სამინისტროს თქმით, სკოლებში ამ წლიდან შემოდის...
- დიახ, ვემხრობი ამ სიახლეს. 9 კლასის ზოგადი განათლება ყველამ უნდა მიიღოს. თუმცა, საშუალო საფეხურზე მოსწავლე რა მიმართულებითაც საჭიროებს განვითარებას მისი მომავალი პროფესიის გათვალისწინებით, ის საგნები უნდა ისწავლოს. ასე მათ მეტი ინტერესი ექნებათ სწავლის, დასწრებაც მეტი იქნება და უფრო კარგ შედეგზე გავალთ.
- საგნების სიყვარული ახსენეთ და როგორ ფიქრობთ შეუძლია თუ არა პედაგოგს მოსწავლეს ნებისმიერი საგანი შეაყვაროს თავისი მიდგომებითა და დამოკიდებულებით?
- მე ჩემი გეოგრაფიის მასწავლებელმა შემაყვარა ეს საგანიც და პროფესიაც. მისი სიყვარულითა და მიღწევებით ვარ დღეს. თუ რაიმე წარმატებას ვაღწევ ეს ჩემი პედაგოგების დამსახურებაა, მათი სიყვარულის და იმ მაგალითის, რასაც მაძლევდნენ, ამიტომ მათ ყოველთვის მადლობას ვუხდი. ჩვენს სკოლაშიც ასეთი პროფესიონალი, მოსწავლეთა ინტერესებზე ორიენტირებულნი მასწავლებლები ასწავლიან. ყველაფერში იგრძნობა მათი ერთიანობა. მოკლედ, რომ ვთქვა ერთ მუშტად შეკრული გუნდი ვართ. მე არ მახსოვს შემთხვევა, როცა ბავშვს ეთქვა რომელიმე მასწავლებელზე რაიმე ცუდი, ან ის რომ უხეშად მოექცნენ. მოსწავლეებს უყვართ ისინი, რაც მთავარია პატივისცემით ეპყრობიან მათ. ასეთი დამოკიდებულება ბავშვებს არ აძლევთ იმის უფლებას, რომ დავალება არ შეასრულონ ამა თუ იმ საგანში.
- თქვენი პედაგოგების გამოცდილება, რჩევა, მაგალითი გამოიყენეთ პრაქტიკაში, როცა თავად შემოაბიჯეთ სკოლის კედლებში?
- მიუხედავად იმისა, რომ მე სკოლა 1993 წელს დავასრულე, მოსწავლეებთან ინდივიდუალური მიდგომა მაშინაც იყო. მე სოფლის სკოლა მაქვს დამთავრებული და ძალიან მეგობრულები იყვნენ მასწავლებლები თითოეული მოსწავლის მიმართ. სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ 11 ბავშვი ვიყავით კლასში და შეხმატკბილებული ურთიერთობა გვქონდა პედაგოგებთან. ახლა, გამძაფრებულად ვიცავთ ბავშვთა უფლებებს, მაშინ ეს საკითხი ასე წამოჭრილი არ იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ურთიერთპატივისცემით გამოვირჩეოდით. მე ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან მასწავლეს ურთიერთობები მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის. უნივერსიტეტშიც ასეთი ერთიანი გუნდი დამხვდა, რაც ძალიან მიხარია.
- ქალბატონო თამილა, რა განსხვავებაა სოფლისა და ქალაქის სკოლებს, ასევე ძველ და ახალ თაობებს შორის?
- ზოგადი განათლების ქოუჩი როცა ვიყავი და რეგიონებში შეხვედრებს ვატარებდი ქალაქის და სოფლის სკოლებს შორის ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება შევამჩნიე - მოტივაცია. სოფლის სკოლის ბავშვებს მეტი მოტივაცია აქვთ.
რაც შეეხება ახალ თაობას, საკუთარი თავის ფასი იციან, ჩვენ არ ვიცოდით. იციან რა არის მათთვის საჭირო, ჩემს შვილებს, ჩემს მოსწავლეებს როცა ვაკვირდები ამაში ვრწმუნდები, რაც ძალიან მიხარია. ჩვენ გვბოჭავდნენ უფრო. ახლა მეხუტებიან ჩემი მოსწავლეები როცა მხედავენ ხოლმე, ადრე ასე არ იყო, თუმცა ზომიერება უნდა დავიცვათ. პატივისცემა უნდა ჰქონდეთ და როცა ერთ შენიშვნას მივცემთ უნდა გაითვალისწინონ.
- როგორ ფიქრობთ, რა განაპირობებს სოფლის სკოლების მოსწავლეთა მეტ მოტივაციას?
-ალბათ ის, რომ სოფლებში ბავშვებს მეტი გართობის საშუალება არ აქვთ. ისინი უფრო მონდომებულები არიან ისწავლონ და ცხოვრებაში წარმატებას მიაღწიონ. რთულია ამაზე საუბარი, მაგრამ რისი თქმაც დანამდვილებით შემიძლია არის ეს - ისინი ენთუზიაზმით სავსე და მოტივირებულები არიან. ასევე კლასში უფრო ცოტანი არიან და შესაძლოა ესეცაა ამის განმაპირობებელი.
- ქალბატონო თამილა, განათლების სისტემაზე რას ფიქრობთ, რაიმეს თუ შეცვლიდით, ან რომელიმე საგანს თუ დაამატებდით?
-ზოგადი განათლების რეფორმა 24/7-ზე მუშაობს ამ ეტაპზე და გადატვირთულია ისედაც. რაც შეეხება სიახლეებს, ძალიან კარგია სკოლებს ავტონომია რომ მოგვანიჭეს და მომავალი სასწავლო წლიდან სასწავლო გეგმა ჩვენზე იქნება დამოკიდებული. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან ჩემი მოსწავლეების მომავალი ჩვენს ხელშია. ჩვენ უნდა განვავითაროთ მათში ის ნიჭი, უნარები რაც სჭირდება 21-ე საუკუნეში. ასე კონკრეტულ საგანს ვერ გამოვარჩევ, მაგრამ პრიორიტეტი საგნის გამოყოფა შემიძლია - ქართული ენა და ლიტერატურა, საქართველოს ისტორია და გეოგრაფია. ასევე სკოლებში აუცილებლად უნდა იყოს უსაფრთხოების წესების გაკვეთილები, მე-8, მე-9 კლასში, ბავშვმა უკვე უნდა იცოდეს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკფაქტორები. მაგალითად, მეწყრის დროს როგორ უნდა მოიქცეს, როგორ უნდა დაიცვას თავი. ეს სიმულაციებით უნდა ტარდებოდეს სკოლებში. ბოლო დროს ამასაც ყურადღებაც ვაქცევთ. ზოგადად, ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ.
- დღესდღეობით რა გამოწვევების წინაშე დგანან სკოლები?
- ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ სკოლები. დიდი რევოლუციაა განათლების სისტემაში. სკოლის თითოეულ ლიდერზეა დამოკიდებული რას, როგორ გავაკეთებთ სკოლისთვის. საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა გვეკისრება თითოეული მოსწავლის მიმართ, რათა მათ მოტივაცია ავუმაღლოთ და საფუძვლიანი ცოდნა მივცეთ. ასევე კოვიდპანდემიამაც ძალიან იმოქმედა სწავლის ხარისხზე. მე რომ მოვედი დირექტორად პანდემიიდან ახალი გამოსულები იყვნენ ბავშვები და თითქმის 2 წელია ვიმუშავეთ იმაზე, რომ ბავშვებს სწავლის მოტივაცია დაჰბრუნებოდათ.
- ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის ახალ პროექტზე რას ფიქრობთ?
- ვემხრობი და მიმაჩნია, რომ ბავშვს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ღირებულებები უნდა გააჩნდეს, უნდა ჰქონდეს სამშობლოს სიყვარული, პატივისცემა, დააფასოს თავისი ქვეყნის კულტურა და წეს-ჩვეულებები. ამ ყველაფერს ის სკოლაში სწავლობს. პატრიოტული სულისკვეთების მქონდე თაობა უნდა აღვზარდოთ. თუ საკუთარი ქვეყანა არ დააფასე სხვა სახელმწიფოსაც ვერ დააფასებ. მიყვარს ყველა ქვეყნის მოქალაქე, ტოლერანტი ვარ. ძალიან მიყვარს მოგზაურობა და ხშირად აღვნიშნავ სხვა ქვეყნების სილამაზესაც მაგრამ საქართველოსნაირი მაინც არც ერთია. სწორედ ეს სიყვარული უნდა ჩავაგონოთ ჩვენს მოსწავლეებს. სკოლამ მოსწავლეს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა უნდა განუვითაროს, ეროვნულობა, ღირსება, ურთიერთპატივისცემა ასწავლოს, ასევე უნარები, რომლებიც ყველა კრიტიკულ სიტუაციიდან გამოსავალს აპოვნინებს.
- მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით, რა სახის ღონისძიებები იმართება სკოლებში?
- პრიორიტეტულ თემებს ვიღებთ სკოლებში. წელს, მაგალითად, სამოქალაქო უსაფრთხოება გვქონდა პრიორიტეტულ თემად არჩეული. სალომე ხეთაგური, რომელიც მეწყერს ემსხვერპლა ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული გახლდათ. დიდი ტრაგედია იყო ეს მთელი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით ჩვენი სკოლისთვის. მეტი ინფორმაციის მიღების მიზნით, ავარჩიეთ ეს თემა. სხვადასხვა ფაქტორის მიხედვით ჩავშალეთ კათედრის წევრებთან ერთად. კონფერენციები ჩავატარეთ მოსწავლეებთან ერთად, ბავშვებმა თავად დაამუშავეს თემები, როგორ უნდა მოვიქცეთ სხვადასხვა სტიქიური მოვლენის დროს. ასევე სხვადასხვა ღონისძიება ჩავატარეთ. მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით, ასევე გვაქვს სხვადასხვა წამახალისებელი ჯილდოები დაწესებული. კლასებს შორის ვატარებთ ინტელექტუალურ, შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებს. ვცდილობთ, სწავლისადმი მეტი ყურადღება გამოიჩინონ.
- მსგავს პროექტებში მონაწილეობის სურვილს თავად მოსწავლეები რამდენად გამოხატავენ?
- მე-10, მე-11 კლასელები დამოუკიდებლად მუშაობენ. მე-12 კლასელები უფრო თავიანთ საქმეებზე, გამოცდებზე არიან გადართულები. რაიმე კონფერენცია რომ დავასახელო ყველა ბავშვი, ისიც კი, ვინ ცოტა ზარმაცია, დიდი ენთუზიაზმით ერთვება. ზოგჯერ თავადაც მიკვირს იმდენად არიან დაინტერესებულნი.
- და ბოლოს, თქვენი 2024 წლის მთავარი მიზანი რა არის?
- აქტიურად ვემზადებით ავტორიზაციისთვის. სკოლამ აუცილებლად უნდა გაიაროს ავტორიზაცია, რომ თავიდან დაიბადოს - ჰქონდეს მისი ხედვა, ღირებულებები, მისია. უნდა შევიმუშაოთ მომავალი წლისთვის ახალი სასწავლო გეგმა და ინფრასტრუქტურასაც აუცილებლად უნდა მივხედოთ. ასევე 44 მე-12 კლასელი გვყავს, რომელთა წარმატებასაც ველით ეროვნულ გამოცდებზე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეების ნამუშევრები მრავალფეროვანი და საინტერესო გახლდათ, მნახველთა დიდი მოწონებაც დაიმსახურა და რეალიზებაც წარმატებით მოხერხდა
აღსანიშნავია, რომ მსგავსი გასვლითი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს
დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...