მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის სკოლის დირექტორი თამაზ კაპანაძე, რომელიც სკოლას უკვე 21 წელია მართავს, Etaloni.ge-სთან თავისი მოსწავლეების შესახებ საუბრობს.
სკოლას ბევრი გამორჩეული მოსწავლე ჰყავს, შარშანდელი „ლაგოდეხის ეტალონმა მოსწავლემ“ ნიკოლოზ ხოზრევანიძემ, 2013 წლის „ეტალონის“ ფინალისტმა, ნინელი ბარბაქაძემ და უამრავმა სასახელო ახალგაზრდამ სწორედ არეშფერანის სკოლაში მიიღო ის მოტივაცია, განათლება და სიყვარული, რამაც მათი წარმატება განაპირობა.
„როდესაც არეშფერანის სკოლაში დავიწყე მუშაობა, საკმაოდ ახალგაზრდა ვიყავი, 27 წლისა კი უკვე დირექტორი გავხდი. ჩემს მოსწავლეებთან საკმაოდ დიდ დროს ვატარებ, როცა საჭიროა ვუბრაზდები კიდეც... პირველ რიგში ჩვენ მეგობრები ვართ“- გვიზიარებს თამაზ კაპანაძე და ''ეტალონთან'' ერთად გატარებულ 11 წელზე გვესაუბრება.
„შარშანდელი „ეტალონი მოსწავლე“ ნიკოლოზ ხოზრევანიძე უკვე მეათე კლასის მოსწავლეა. გაათმაგებული ძალებით სწავლობს. ინტელექტ-შეჯიბრმა იგი უფრო თავდაჯერებული გახადა, მიხვდა, რომ წარმატებისთვის ბევრი კითხვა და სწავლაა საჭირო.“
- რა შეცვალა პროექტმა „ეტალონმა“ თქვენს სოფელში?
- 11 წლის წინ, როდესაც „ეტალონი“ ახალი დაწყებული იყო, ძალიან მინდოდა, რომ ჩემი სკოლა ამ პროექტში ჩამერთო. მსურდა, ჩემი სკოლის წარმატებულ მოსწავლეებს თავი გამოეჩინათ... 2013 წელს არეშფერანის სკოლის მოსწავლე, ნინელი ბარბაქაძე ფინალში, მეორე ადგილზე გავიდა. ნიკოლოზ ხოზრევანიძე კი 2016-2017 სასწავლო წლის ''ლაგოდეხის ეტალონი მოსწავლე“ გახდა.
''ეტალონმა'' ჩემს მოსწავლეებს სწავლის მიმართ მოტივაცია აუმაღლა, ზოგადად, ყველა სფეროში უფრო მეტი განათლება მიიღეს. თითოეულ მონაწილეს სურვილი აქვს, რომ „ეტალონის“ ფინალურ ეტაპამდე მიაღწიოს, თავი წარმოაჩინოს. ახალგაზრდები მიხვდნენ, რომ შრომისა და სწავლის გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელია. მთავარი კი ის არის, რომ ფინალში გასული მოსწავლეების უმრავლესობა უკვე წარმატებული ადამიანია.
- ''ეტალონის'' შემოქმედებით გუნდს თქვენმა სკოლამ და სოფელმა დაუვიწყარი დღესასწაული მოუწყო...
- ''ეტალონის'' გუნდის და ბატონი გოჩა ტყეშელაშვილის დასახვედრად მთელი სოფელი ემზადებოდა. დაგეგმილი გვქონდა, რომ მეორე ტურში გასული მოსწავლეები და მათი მშობლები ლაგოდეხში ჩვენი სკოლის ავტობუსით წავიდოდით. ასევე მთხოვეს მეზობელი სკოლის დირექტორებმა, რომ მათი სკოლის მოსწავლეებიც წამეყვანა. ბატონი გოჩა ტყეშელაშვილი რომ ჩვენთან ერთად იმგზავრებდა არ ვიცოდით. ეს სიურპრიზი იყო.
2017-2018 წლის „ლაგოდეხის ეტალონი მოსწავლის“ გამოსავლენად, ყველა ერთად წავედით. ძალიან დიდი დღესასწაული გამოგვივიდა. რაც მთავარია, ბავშვები აღფრთოვანებულები იყვნენ. ის შთაბეჭდილებები დღემდე გამოგვყვა.
- თქვენ ბათუმში გამართულ, ''ეტალონის'' გრანდიოზულ ფინალს დაესწარით, სადაც 2016- 2017 სასწავლო წლის „საქართველოს ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. მაშინ აღნიშნეთ, რომ სადღესასწაულო ღონისძიება თქვენთვის და თქვენი მოსწავლეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო...
- ბათუმის ფინალი, მართლაც, დაუვიწყარი იყო. პირადად მე, ისეთი დაძაბული გრაფიკი მაქვს, ვერასდროს მოვახერხებდი ჩემს მოსწავლეებთან ერთად ასეთი ლამაზი დღეების დაგეგმვას.
ბათუმში 25 კაციანი დელეგაციით წავედით. ტრანსპორტირება გამგეობამ ნაწილობრივ დაგვიფინანსა. წამოვედით ლაგოდეხიდან, წარმოიდგინეთ უკიდურესი აღმოსავლეთიდან მოვდიოდით უკიდურეს დასავლეთში, უნდა გამოგვევლო მთელი საქართველო. მინდოდა ნიკოლოზ ხოზრევანიძის გულშემატკივრებისთვის პატარა ტური დამეგემა. სამი დღე ვიყავით ბათუმში და მოვინახულეთ უამრავი საინტერესო, ღირსშესანიშნავი ადგილი. რომ არა „ეტალონი“, ასეთ საინტერესო მოგზაურობას ვერასდროს დავგეგმავდით.
ჩემი ვაჟი ჯერ პატარაა, მეხუთე კლასშია, ქალიშვილი კი მერვეში, მან „ეტალონის“ ინტელექტ- შეჯიბრში მეექვსე ადგილი დაიკავა. ბავშვებმა საკუთარი თვალით ნახეს თუ რას ნიშნავს იყო „საქართველოს ეტალონი მოსწავლე“, ასახელო შენი მხარე, სკოლა...
- რას ურჩევდით თქვენი სკოლის მოსწავლეებს, როგორია თამაზ კაპანაძის წარმატების ფორმულა?
- 21 წელია არეშფერანის სკოლის დირექტორი ვარ. როდესაც საჭიროა ჩემს მოსწავლეებს ვუბრაზდები კიდეც, მაგრამ მთლიანობაში ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები ვართ.
მინდა ჩემს მოსწავლეებს მივმართო და ვუთხრა, რომ წარმატების მისაღწევად დაუღალავი შრომაა საჭირო. ერთეულების ხვედრია, იყო გამორჩეული, ამ ყველაფერს კი ძალიან ბევრი შრომა და განათლების მიღება სჭირდება. ვისურვებ, რომ ჩემი მოსწავლეები ამ ერთეულებს შორის იყვნენ და საქართველო ასახელონ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო სხდომას 27 დეკემბერს გამართავს
„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა